სასწაული, რომელსაც კოლუმბია 40 დღის განმავლობაში ელოდა,  მოხდა ამ პარასკევს, როდესაც იპოვეს და გადაარჩინეს ოთხი ბავშვი, რომლებიც 1 მაისს, ამაზონის ჯუნგლებში მომხდარი  ავიაკატასტროფის დროს დედასთან, პილოტთან და კიდევ ერთ ზრდასრულთან ერთად იმყოფებოდნენ, - წერს efe. 

ერთი, ოთხი, ცხრა და ცამეტი წლის ასაკის ერთმანეთის და-ძმები გუშინ, საღამოს 5 საათის შემდეგ იპოვეს ჯუნგლებში. მათ 40 დღის განმავლობაში ეძებდნენ დაახლოებით 200 ჯარისკაცი, მათ შორის არმიის სპეცრაზმის კომანდოსები და ჯუნგლების კარგად მცოდნე მკვიდრი მოსახლეობა სხვადასხვა ტომებიდან. 



თვითმფრინავმა, რომლითაც პილოტს ბავშვებთან ერთად მათი დედა და ტომის ბელადი გადაჰყავდა, კატასტროფა, სავარაუდოდ ძრავის უწესრიგობის გამო, 1 მაისს განიცადა. მაშველებმა თვითმფრინავს რამდენიმე დღის შემდეგ მიაკვლიეს და მასში დაღუპული პილოტი, ტომის ბელადი და ბავშვების დედა ნახეს. ბავშვები კვალი კი არ ჩანდა. თითქმის სამკვირიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ფოთლების და თოტებისგან გაკეთებულ თავშესაფარს მიაკვლიეს და გაჩნდა იმედი, რომ სულ მცირე ერთი ბავშვი მაინც ცოცხალი იყო. კოლუმბიის პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ ბავშვები ცოცხლები იყვნენ, მაგრამ მალევე ეს ტვიტი წაშალა და დაწერა, რომ „ბავშვთა სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია" და  ძებნა გრძელდებოდა. 

გუშინ, ჰავანაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე განაცხადა, რომ   „მთელი ქვეყნისთვის სასიხარულო" ამბის შესახებ. 

ოთხივე ბავშვი - სამი და და ძმა - მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე ისინი ძალიან დაღლილები და ფერმიხდილები ჩანან, ჯანმრთელები არიან. ადგილობრივი გარემოს შესახებ ცოდნა დაეხმარა მათ ჯუნგლების საშიშროების დაძლევასა და გადარჩენაში.