ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, ChinaCommunications Construction Company Limited-მა წარადგინა. – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A)) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.
20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა(China Communications Construction Company Limited(China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporation-ი და Qingdao Port International Co., Ltd). კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს), რომლის შემდგომაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. შერჩევის პროცესი, უახლოესი გეგმები და საორიენტაციო ვადები: სამინისტრო/სააგენტო ახორციელებს ინვესტორი/კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში (შემდგომში „კონცესიონერი“), რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური საქართველოს მთავრობასა და კონცესიონერს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნული წარმოადგენს ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი.
სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ინვესტორის შერჩევის შემდგომ ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანია შერჩეულ კერძო პარტნიორთან ერთად დააფუძნებს ერთობლივ კომპანიას, სადაც სახელმწიფო კომპანიას ექნება 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს – 49%. საჯარო და კერძო პარტნიორს შორის შემოსავლისა და ფუნქციების გადანაწილების საკითხი დაზუსტდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, RFP-ს სტადიაზე.
განხორციელებული სამუშაო: 2021 წლის მაისის ბოლოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). კონტრაქტის შესაბამისად, კომპანიამ განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი, ასევე, მოხდა ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. MTBS-თან ხელშეკრულება ასევე გააფორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევის მომზადების მიზნით. დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა 2022 წლის თებერვალში.
კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო საკონსულტაციოკომპანიები MTBS-ი (კომერციული კონსულტანტი) და Squire Patton Boggs-ი (იურიდიული კონსულტანტი), რომლებმაც მოამზადეს დოკუმენტაცია კერძო პარტნიორის შერჩევის პირველი ეტაპისთვის (განზრახულობის შესახებ განაცხადი). ზემოხსენებული დოკუმენტაცია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწონებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 15 დეკემბრის #1-1/515 ბრძანებით შექმნილი კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის მიერ და გამოქვეყნდა 2023 წლის 20 თებერვალს. დაინტერესებულ კანდიდატებს მიეცათ ვადა, 2023 წლის 19 ივნისამდე შემოეტანათ კვალიფიკაციის შესახებ განაცხადები. დადგენილ ვადებში მიღებულ იქნა ოთხი განაცხადი: 1. Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A. (ლუქსემბურგი); 2. China Communications Construction CompanyLimited-ი (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური); 3. China Construction Sixth Engineering Bureau Corp. Ltd. (ჩინეთი); 4. Etgar-Al Engineering Ltd. (ისრაელი);
სააგენტომ, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, შეისწავლა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავდა კანდიდატების შესახებ ზოგად, აგრეთვე მათი სამშენებლო, საინვესტიციო, საოპერაციო, მენეჯერული გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, ფინანსურ და სამართლებრივ დოკუმენტაციას. აღნიშნული დოკუმენტაციის შეფასების შემდგომ, 2023 წლის 20 სექტემბერს კომისიამ გამოავლინა 2 კვალიფიციური კანდიდატი (ზემოაღნიშნულ სიაში პირველი 2 კომპანია). კვალიფიცირებულ კანდიდატებს 2023 წლის 11 დეკემბერს დაეგზავნათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე (RFP), კონცესიისა და პარტნიორთა შეთანხმებებთან ერთად, რომელთა შემუშავებაზეც მუშაობა მიმდინარეობდა სააგენტოს მიერ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით. აღნიშნული დოკუმენტით (RFP) კანდიდატებს მიეცათ ვადა, 2024 წლის 20 მაისამდე ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად.
პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს: ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას; ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას; საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას; საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას; პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. ანაკლიის ნავსადგური მიმზიდველი იქნება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც – მათ ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ანაკლიის პორტში როგორც მშენებლობის, ასევე, ოპერირების სტადიაზე. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გატანილ იქნეს ექსპორტზე ანაკლიის პორტის მეშვეობით. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.