ყველა ქართველს მივულოცავ დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია ყველა დღესასწაულს შორის და სიმბოლურია, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობის დღეა ზუსტად ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ახლა ვართ სუვერენული ქვეყანა. თუმცა, როგორც მოპოვებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ამის შენარჩუნებას და სწორად მართვასაც სჭირდება დიდი ძალისხმევა. ამიტომ თემატიკა, რომ „ჩვენ რაც გვიყვარს, ის გვაერთიანებს“ და ერთობლიობით შეიძლება, მხოლოდ რომ გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სიმბოლურია ამ დროსაც.
რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის აღნიშვნა ისეთ გარემოში მიმდინარეობს, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევაა მსოფლიოში, მათ შორის სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მიმდინარე წელს მიღწევებითაც. ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს და სტრატეგიულ მიზანთან, რაც ქვეყანამ დასახა და კონსტიტუციაშიც ასახა, ყველაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ისტორიაში“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.