შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.










