ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო 500 Global-ის აქსელერაციის დემო-დღის ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც მონაწილე კომპანიების დამფუძნებლები ინვესტორების წინაშე წარსდგნენ და მათთვის თავიანთი სტარტაპების პრეზენტაცია გამართეს. „ეს ამაღელვებელი მომენტია, რადგან კომპანიები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ მენტორებთან, უცხოელ პროფესიონალებთან, დღეს კი საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროდუქტებს წარუდგენენ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოში აქსელერაციის პროგრამა მესამედ გამოცხადდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვ) შეირჩა 13 კომპანია: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft. აქსელერაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც სესიებს, ასევე ინდივიდუალურ მენტორობას თითოეული კომპანიისთვის.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და სტარტაპ კომპანიების გასვლას გლობალურ ბაზარზე. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის (500 Startups Incubator L.L.C) ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო-დღით დასრულდება.
„პროგრამის ფარგლებში ახალ კომპანიებს, სტარტაპებს საშუალება ეძლევათ, ძალიან გამოცდილი მენტორებისგან გაიზიარონ გამოცდილება, მიიღონ ცოდნა და გაძლიერდნენ. სწორედ ასეთი აქსელერაციის პროგრამების დასასრულს ჩვენ გვაქვს დემო-დღე, როდესაც ინფორმაციას ვიღებთ მათი პროდუქტების შესახებ. წელიწადში აქსელერაციის ორი პროგრამა გვექნება, პროგრამის ბოლოს კი დემო-დღე იმართება და ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რეალურად რა მიღწევები აქვთ სტარტაპ კომპანიებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლებში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი - CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs - სილიკონის ველიზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.