განათლების სამინისტროში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, შეხვედრის განმავლობაში დაისვა მწვავე შეკითხვები და მომდევნო შეხვედრა უკვე 6 თებერვალს, მინისტრთან გაიმართება.
ჯაბა სამუშიას თქმით, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია და განათლების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეკითხვები დაისმევა პარასკევს, თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მინისტრთან შეხვედრაზე.
„სამ საათ-ნახევარი მიდიოდა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. იყო მწვავე შეკითხვები. დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ორ ნაწილად გავყოფდი ამ შეხვედრას. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეხვედრა კვლავ გაგრძელდება მეორე ნაწილთან დაკავშირებით, არის როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, ისე პოლიტიკური საკითხები, რასაც მინისტრი გასცემს პასუხს.
გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთად შეხვდებიან განათლების მინისტრს. გვექნება საუბარი უკვე კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ერთი არის განათლების პოლიტიკის კუთხით, მეორე – ტექნიკური საკითხები, ვთქვათ, პროგრამების სააკითხები. არსებობს გლობალური საკითხიც, როგორიცაა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი, რაზეცაა საუბარი. მხედველობაში მაქვს, რომ განათლების გლობალური რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეკითხვები დაისმევა პარასკევს მინისტრთან. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, მასთან დაკავშირებით დღესაც აქტიურად იყო საუბარი. თემა საკმაოდ მწვავეა. ვფიქრობ, აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
განათლების სამინისტროში დღევანდელ შეხვედრას 70-მდე პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა.









