ფრანგ პლასტიკურ ქირურგს პირობითი სასჯელი მიესაჯა მას შემდეგ, რაც მისი კლიენტი, ბრილიანტებით მოვაჭრე მილიარდერი ეჰუდ არიე ლანიადო, პენისის გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა. 65 წლის ბელგიელ-ისრაელ ბიზნესმენს გულის შეტევა 2019 წლის 2 მარტს, პარიზში, სენ-ონორე-პონტიეს კლინიკაში, პენისის გასადიდებელი ინიექციების გაკეთების დროს დაემართა.

ქირურგ გაი ჰ.-ს 15-თვიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა, ხოლო მის ასისტენტს - 12-თვიანი პირობითი სასჯელი. ორივე ექიმს, ორივე 70 წელს გადაცილებულს, ახლა სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ და შესაბამისად, 50 000 და 20 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

პროკურორებმა თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დაიწყეს, მაგრამ ბრალდებები სწრაფად შეიცვალა და დაემატა საფრთხეში მყოფი პირისთვის დახმარების გაუწევლობა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული და შარლატანობა. საფრანგეთის სასამართლომ მოისმინა ჩვენებები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების სამსახურები ლანიადოს გარდაცვალების ღამეს საღამოს 8:00 საათზე და კიდევ ორი ​​საათის შემდეგ. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ პირველი გამოძახება ლანიადოს დაჟინებული თხოვნით განხორციელდა მუცლის ტკივილის გამო, მაგრამ პროცედურის ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
 
სასამართლო წყარომ Le Parisien-ს განუცხადა, რომ პენისის ინიექცია სიკვდილის მიზეზად სწრაფად გამოირიცხა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მილიარდერი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით ანუ გულის კუნთის გასქელებით გარდაიცვალა. გამომძიებლებმა მის ნომერში, მდიდრულ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Plaza Athénée აღმოაჩინეს, რომ მან მიიღო საფრანგეთში აკრძალული რამდენიმე ნივთიერება, ასევე ვაზოდილატატორები - ერექციული ფუნქციის ხელშემწყობი პრეპარატები

ასევე დადგინდა, რომ ბოდიბილდერი ლანიადო სიკვდილამდე იღებდა აკრძალულ ნივთიერებებს. სასამართლო წყარომ დასძინა, რომ მის სასტუმროს ნომერში ნაპოვნმა პრეპარატებმა „სავარაუდოდ, მის სიკვდილს შეუწყო ხელი“.

შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ქირურგის ასისტენტი არ იყო რეგისტრირებული საფრანგეთის სამედიცინო ასოციაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მისი ალჟირული კვალიფიკაცია საფრანგეთში არ იყო აღიარებული, რამაც ხელი არ შეუშალა ქირურგ გაი ჰ.-ს, რომ ის ასისტენტად დაექირავებინა.

ცნობილია, რომ ლანიადო კლინიკას წელიწადში ორჯერ ან ოთხჯერ სტუმრობდა პროცედურებისთვის, რომელთაგან თითოეული ათიათასობით ევრო ღირდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მის ოჯახს არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. ქირურგის წარმომადგენელმა ადვოკატმა, მარტინ რეინომ, საქმის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ეს არის ნათელი და გამამხნევებელი გადაწყვეტილება. იყო რაღაც უაზრო და სამწუხარო იმაში, რომ ცდილობდნენ ნებისმიერ ფასად ვინმე დაედანაშაულებინათ იმ სიკვდილის შემდეგ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო“.