„ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი" - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლს ემშვიდობება. გამოსამშვიდობებელი ვიდეო  ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა, აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. ნეაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასდროს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ძალიან საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა მწვრთნელს და რაც მთავარია თქვენ, გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია კიდევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს ჩემპიონობა და სკუდეტო მოვუტანოთ.

აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა ახლა კი აქაურობას ვტოვებ როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი "სკუდეტო" და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი: ნიცა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.

წასვლის წინ აქ მოსვლა ყველაზე მეტად მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ ყველაზე მეტად და მძაფრად იგრძნობა თუ რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო, აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. დიეგო თითოეული ნეაპოლელის გულში ცოცხალია და სულ ასე იქნება. ამ ადგილს განსაკუთრებული ენერგია და ძალა აქვს. ნეაპოლი და დიეგო ერთმანეთით ცხოვრობენ - დიეგო ფეხბურთის ღმერთია და ეს ყველაზე მძაფრად ამ ქალაქში იგრძნობა. ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციურია, გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად, დიეგოსთანაც მიწევს დამშვიდობება. ნახვამდის დიეგო, ნახვამდის ნეაპოლი“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში მან 30 გოლი გაიტანა. 2023 წელს ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, ის ნეაპოლიდან კერძო რეისით გაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სადებიუტო მატჩს 25 იანვარს გამართავს