წლის პირველ მატჩში ეროვნულ გუნდს კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ამხანაგური მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, ატმოსფერო შედარებით უფრო მსუბუქია, რაც სრულიად ბუნებრივია, თუმცა მსუბუქი არ ნიშნავს, რომ არ გვინდა ბევრი მუშაობა ან ამ ორი მატჩის კარგად ჩატარება. ერთა ლიგას სექტემბერში იწყება, მანამდე დიდი დროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრულად არ დავიტვირთებით. ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე არ ვარჯიშობენ- მნიშვნელოვანი მატჩი რომ იყოს, ვათამაშებდით, მაგრამ ახლა მათი ჯანმრთელობით არ გავრისკავთ.
რატომ არის კაპიტანი კვარაცხელია და არა კიტეიშვილი? გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ. ახლა ხვიჩამ უნდა ნახოს თავისი გზა, როგორი კაპიტანი იქნება. მჯერა, ხვიჩა ისეთი კაპიტანი იქნება, როგორსაც ყველა ვისურვებდით.
ამხანაგურ შეხვედრაში დადებითი შედეგი იქნება, თუ მეტ დისციპლინას და დინამიკას დავინახავთ. ბოლო 6 თვე რთული იყო, თუმცა ბოლო დღეები კარგი იყო და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებში კარგ შედეგებს დავაფიქსირებთ," - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.










