სამბოში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს, პირველ დღეს ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ჩემპიონატის პირველი და ალბათ, არამხოლოდ პირველი დღის განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტი ვახტანგ ჩიდრაშვილის მიერ ოქროს მედლის მოპოვებაა. 

ვახტანგ ჩიდრაშვილმა მეთექვსმეტედფინალში ტოგოელი იაო სეჯონ ენტონი 39 წამში მტკივნეული ილეთით დაამარცხა, მერვედფინალში კოეელ ჯინჰიონ ლიმს 4:0 მოუგო, მეოთხედფინალში მაროკოელ ანას ელ ალამი ელ იდრისს გასცდა (3:0), ნახევარფინალში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში რუსი ალექსანდრ პშენიჩნიხს 1:1* სძლია (1:0-ზე ბოლო წამებზე მეტოქის შეტევის ჩაშლის მიზნით შეგნებულად „აიკიდა“ გაფრთხილება და დათმო ქულა, რომელსაც არ შეეძლო გადაეწონა ილეთით მოპოვებული ქულა) და მეთერთმეტედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ბელორუს ვლადისლავ ბურდთან 2:0 გაიმარჯვა და მეშვიდედ დაიმშვენა მკერდი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით.


35 წლის თელაველმა სამბისტმა თავისი მეშვიდე ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედლიდან 13 წლის შემდეგ მოიპოვა.

ვახტანგ ჩიდრაშვილის მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის ისტორია ასეთია:

2013 — ოქრო
2014 — ოქრო 
2015 — ოქრო
2016 — ოქრო
2018 - ოქრო
2019 - ოქრო

2023 - ვერცხლი
2024 - ვერცხლი
2025 - ვერცხლი

2021 - ბრინჯაო


2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მინსკში გაიმართა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა, მასპინძელ ვლადისლავ ბურდთან შეხვედრაში, ერთ-ერთ მომენტში მსაჯის გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია და პროტესტის ნიშნად ბოთლის საჭიდაო ხალიჩისკენ ისროლა. ბოთლმა ხალიჩას გადაუფრინა და დაეცა მაგიდას, სადაც მთავარი მსაჯი, ესპანელი კარლოს გომესი იჯდა. საბოლოოდ, იმ ჩემპიონატზე ჩიდრაშვილმა მასპინძელთანაც გაიმარჯვა და ფინალშიც გავიდა, სადაც მეტოქესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, მაგრამ მოგვიანებით, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და მან ნოემბერში სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო. 

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში სერბეთში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. მიზეზი - პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იყო.

2013-2026 წლებში გამართული მსოფლიო ჩემპიონატებიდან ერთადერთი, სადაც ვახტანგ ჩიდრაშვილი მონაწილეთა შორის იყო და მედალი ვერ მოიპოვა 2022წელს ბიშკეკში გამართული  მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვახტანგ ჩიდრაშვილი მეოთხედფინალში ბოლო წამებზე დამარცხდა ბულგარელ იანაკოვთან, რომელიც ფინალში ვერ გავიდა.

კიდევ ერთი ოქროს მედალი პარასამბისტმა გიორგი გამჯაშვილმა მოიპოვა. მან 79 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ტაჯიკი შოხრუხ ნაზაროვი 2:0 დაამარცხა.



98 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა პარასამბისტი რამინ ყიფშიძე.

საბრძოლო სამბოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 88კგ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ეგნატაშვილმა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ