ხვალ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში ჩაებმებიან
სოფიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს წონითი კატეგორიების ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის სოფიაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57 კგ წონით კატეგორიაში 23-კაციან ჯგუფში საქართველოსთვის ლიცენზიის მოპოვებას ოთარ გოგავა შეეცდება. გოგავა შეჯიბრებას საკვალიფიკაციო წრიდან იწყებს, სადაც მას მეტოქედ ევროპის სამგზის ჩემპიონი (2013 წელს საქართველოდან, 2017 და 2018 წლებში აზერბაიჯანიდან) აზერბაიჯანელი გიორგი ედიშერაშვილი ეყოლება 65 კგ წონით კატეგორიაში ლიცენზიისთვის 28 მოჭიდავე იბრძოლებს. ბექა ლომთაძე საკვალიფიკაციო წრეში კანადელ დილონ ემანუელ უილიამსთან იჭიდავებს. 86 კგ წონით კატეგორიაში 30 მოჭიდავეა. სანდრო ამინაშვილი საკვალიფიკაციო წრიდან იწყებს და მისი მეტოქე მასპინძელი ახმედ მაგამაევია. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს 2 წონით კატეგორიაში არ აქვთ ლიცენზია მოპოვებული. 60 კგ წონით კატეგორიაში ლიცენზიის მაძიებელ 25-კაციან ჯგუფში მყოფი დათო ჩხარტიშვილი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაებმება. მისი მეტოქე კანადელი ადამ ტაკაჰაში მაკფადენი იქნება. 77 კგ წონით კატეგორიაში ლიცენზიისთვის იბრძოლებს ახლახანს ვარშავაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი შმაგი ბოლქვაძე. შმაგი ბოლქვაძის მეტოქე საკვალიფიკაციო წრეში ჩეხი ოლდრიშ ვარგაა. სულ ამ წონაში 30 მოჭიდავეა. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 6-6 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. საქართველოს მოჭიდავეებს დღეისათვის ოლიმპიური თამაშების 7 ლიცენზია აქვთ მოპოვებული: თავისუფალი სტილი მოჭიდავეებს 73-97-125კგ, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს 67-87-97-130 კგ წონებში.