The Guardian-ი თავის ერთ-ერთ სტატიაში, „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე მსჯელობისას, მის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან კობიაშვილს მოიაზრებს.
გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.
„რომ არა ჩეფერინის ეს განცხადება, 2027 წლის არჩევნებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია თითქმის არ იქნებოდა. პრეზიდენტობის მსურველები დაიწყებენ თანამდებობისთვის ბრძოლას. აშკარა კანდიდატი რამდენიმეა: პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს ის 75 წლის იქნება; „ფიფას“ საბჭოს წევრი რუმინელი რაზვან ბურლეანუ ახალგაზრდა კანდიდატად ითვლება, თუმცა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მოისურვებს. ექსფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და გასულ წელს „უეფას“ აღმასკომის წევრი გახდა, ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და აშკარა ფავორიტებს მიღმა, შეიძლება მისმა კანდიდატურამაც იმუშაოს“, - აღნიშნულია სტატიაში.