"ფოქს ნიუსის" ჟურნალისტმა აიშა ჰასნიმ თეთრი სახლის პრესსპიკერ კაროლაინ ლივიტს ჰკითხა, მხარს უჭერს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას, რომ ისრაელის ხელისუფლება აშშ-ის საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას და ირანის და აშშ-ის სამხედრო კონფლიქტის დროში უსასრულოდ გაწელვას ცდილობს.
„ირანთან დაკავშირებით, გუშინ ჯო როგანის პოდკასტში ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ისრაელზე ისაუბრა და ამ პოდკასტში მან განაცხადა, რომ იქ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც, როგორც დანამდვილებით ვიცით, ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით ცდილობენ მის შეცვლას ისე, რომ ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი ამ განცხადებას?“ - ჰკითხა ჰასნიმ დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებულ კეროლაინ ლივიტს.
"ვფიქრობ, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, დაეთანხმება იმას, რომ დიახ, საზღვარგარეთის ქვეყნები ნამდვილად ცდილობენ ჰქონდეთ გავლენა ამერიკულ საზოგადოებრივ აზრზე. ამაში არავითარი ეჭვი არ არსებობს. ვფიქრობ, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია", - უპასუხა ლივიტმა.
ჯო როგანთან სამსაათიანი ინტერვიუს დროს ვენსმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აფინანსებდა ფარულ კამპანიას აშშ-ში, რათა ჩაეშალათ ირანთან მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც თავად ვენსი უწევდა კოოდინაციას.
ვენსმა აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში მასზე პერსონალური თავდასხმებიც მიმდინარეობდა და მისი რეაქცია ამ ფაქტზე იყო მკვახე:
„ჯანდაბამდეც გზა გქონიათ (Go to hell). მე გავაკეთებ იმას, რაც ამერიკელი ხალხისთვისაა საჭირო. მე პირველ რიგში ამერიკელებს წარმოვადგენ“.
მიუხედავად კრიტიკისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელში ყველას არ სურს ომი და იქაც ბევრს ესმის, რომ კონფლიქტის უსასრულოდ გაგრძელება თავად ისრაელისთვისაც საზიანოა.
როგანთან პოდკასტში ვენსმა ასევე ისაუბრა ჯეფრი ეპშტეინის კავშირებზე ისრაელის დაზვერვასთან.
როდესაც ჯო როგანმა ახსენა ვერსია, რომლის თანახმადაც მილიარდერი სექსუალური დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინი ისრაელის სპეცსამსახურთან („მოსადთან“) თანამშრომლობდა, ვენსმა ეს ნაწილობრივ დაადასტურა.
ვენსის თქმით, ეპშტეინს აშკარად ჰქონდა კავშირები როგორც ამერიკული, ისე ისრაელის დაზვერვის უმაღლეს ეშელონებთან. მან დააკონკრეტა, რომ ეპშტეინი დაკავშირებული იყო ისრაელის deep state-ის იმ ფრთასთან, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურ მემარცხენე ცენტრს მიეკუთვნებოდა და არა მემარჯვენეებს.




