ტაილანდში, ძალოსნობაში მსოფლიო თასზე - პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე - დღეს 61 კგ წონითი კატეგორიის კაცები ასპარეზობდნენ. 

მსოფლიო თასის მფლობელი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინელი ფაბინ ლი გახდა. მან ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდი 3 კგ-ით გააუმჯობესა, აკვრაში მხოლოდ მეხუტე იყო, მაგრამ ორწიდის ჯამში 9 კგ-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ამერიკელ ჰემპტონ მილერ მორისს, რომელმაც აკვრაში 176 კგ დააგროვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ჰემპტონ მილერ მორისი პირველი ამერიკელია უკანასკნელი 55 წლის მანძილზე, რომელმაც ძალოსნობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.




მესამე ადგილი დაიკავა ჩრდილოეთ კორეელმა პაკ მიონგ ჯინმა, თუმცა იგი სავალდებულო სალიცენზიო ტურნირებში არასაკმარისი მონაწილეობის გამო პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი ვერ გახდა.

თავის შესაძლებლობაზე ბევრად სუსტად იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ. მან ატაცში 130 კგ მხოლოდ მესამე ცდით დასძლია, აკვრაში კი 152 კგ-ის შემდეგ ორჯერ უშედეგოდ სცადა 160 კგ-ის აწევა.

შოთა მიშველაძე ატაცში მე-8, აკვრაში მე-14, ორჭიდის ჯამში კი მე-12 ადგილზე გავიდა, თუმცა ერევანში, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები მისი შედეგის (298 კგ) გაუმჯობესება ოლიმპიურ საკვალიფიკაციო რეიტინგში მასზე უკან მყოფი სპორტსმენებიდან მხოლოდ ორმა შეძლო და შოთა მიშველაძე პარიზის ლიცენზიის მფლობელი გახდა.

1. ლი ფაბიანი (ჩინეთი) 146+166 - 312 კგ
2. ჰემპტონ მილერ მორისი 127+176 - 303 კგ
3. პაკ მიონგ ჯინი (ჩრდილოეთ კორეა) - 131+170 - 301 კგ
12. შოთა მიშველაძე (საქართველო) - 130+152 - 282 კგ

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მფლობელები საკვალიფიკაციო ტურნირებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგების მიხედვით გახდნენ:

1. ფაბინ ლი (ჩინეთი) 312 კგ
2. ჰემპტონ მილერ მორისი (აშშ) 303 კგ
3. სერჯიო მასიდა (იტალია) 301 კგ
4. ჯონ ფებუარ ჩენიზა (ფილიპინები) 300 კგ
5. ეკო იული ირავანი (ინდონეზია 300 კგ
6. თერაპონგ სილაჩაი (ტაილანდი) 299 კგ
7. შოთა მიშველაძე (საქართველო) 298 კგ
8. ბინ კასდან მოჰამად ანიქი (მალაიზია) 296 კგ
9. ტრინ ვან ვინი (ვიეტნამი) 294 კგ
10. ივან დიმოვი (ბულგარეთი) 293 კგ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სულ 120 ძალოსანი იასპარეზებს. მედლები ქალთა 49-59-71-81 და +81კგ და კაცთა 61-73-89-102 და +102 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ლიცენზიები ყოველ წონაში 10 საუკეთესო შედეგს მქონეს, აგრეთვე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს და ერთიც კონტინენტალური კვოტით საუკეთესო სპორტსმენად მიჩნეულს გადაეცემა. თითოეულ ოლიმპიურ კომიტეტს მაქსიმუმ ექვსი ლიცენზიის (სამი ქალთა და სამი კაცთა შორის) მიღება შეუძლია.

საქართველოდან, კაცთა შორის, შოთა მიშველაძის და ლაშა ტალახაძის გარდა, პარიზში გამგზავრების შანსი აქვთ ირაკლი ჩხეიძეს და ანასტასია გოტფირდს. ირაკლი ჩხეიძეს 102 კგ წონით კატეგორიის ძალოსნებს შორის ამ მომენტში 391 კგ შედეგით მე-8 ადგილი უკავია და სალიცენზიო ზონაშია, თუმცა მხოლოდ 1 კგ-ით უსწრებს რეიტინგში მეცხრე-მეთერთმეტე ადგილებზე მყოფ სპორტსმენებს საუკეთესო და ფჰუკეტში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს. ანასტასია გოტფრიდი მე-14 ადგილზეა. მას საკვალიფიკაციო რეიტინგში მეცხრე-მეათე ადგილებზე მყოფ სპორტსმენებზე 8 კგ-ით ნაკლები წონა აქვს დაფიქსირებული.