ინტერნეტში გადამყიდველებმა სუპერთასზე დასასწრები ბილეთები გამოიტანეს. ერთ-ერთ განცხადებაში, რომელიც Gancxadebebi.ge-ზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ ბილეთები ნოტარიულად, მინდობილობით გადაეცემა ახალ მფლობელს.

"იყიდება უეფას სუპერ თასის (uefa super cup 2015 tickets barselona-sevilia) მესამე კლასის 4 ბილეთი ერთის ფასი 200 ლარში მეორე კლასის 4 ბილეთი. ერთის ფასი 300 ლარი, ნოტარიულად, მინდობილობით. ადგილები მესამე კლასი: მეორე იარუსი სექტორი 4 რიგი პირველი, მეორე კლასი: იარუსი 1, სექტორი 3, რიგი 6, შესასვლელი "D" ორივე კლასის ბილეთები არის ელექტრონული ბილეთები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე პორტალზე განთავსებულია განცხადება, სადაც მოქალაქე ყიდის ბილეთებს უკვე 150$-ად. ამასთან, რამდენიმე განცხადება დილიდან განთავსდა Mymarket.ge-ზე, სადაც ერთი ბილეთის ფასი 200 ლარიდან 1100 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერ თასზე დასასწრები ბილეთების სალაროებში გაყიდვა, გუშინ 12 ივნისს 9:00 საათზე დაიწყო. ბილეთების გაყიდვა 21:00 საათზე უნდა შეჩერებულიყო, თუმცა გულშემატკივრების მოთხოვნით, ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების გაყიდვა რაოდენობის ამოწურვამდე განაგრძო. მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელიც ბილეთების შესაძენად სიების გარეშე მივიდა, ბილეთების გარეშე დარჩა. ისინი აცხადებდნენ, რომ სიების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებას ენდნენ. სიჭინავა აცხადებდა, რომ სიებით ბილეთების გაყიდვა არ მოხდებოდა.

11 აგვისტოს, თბილისში "დინამო არენაზე", უეფას სუპერ თასზე ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.

ბმული

ბმული 2

ბმული 3