შვედმა არმანდის დუპლანტისმა მსოფლიო ჩემპიონატი ჭოკით ხტომაში ახალი რეკორდით მოიგო (ვიდეო)

1658732527
მსოფლიო რეკორდსმენმა ჭოკით ხტომაში, შვედმა არმანდის დუპლანტისმა პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა, შვედმა არმანდის (მონდო) დუპლანტისმა, ორეგონში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობა 6 მეტრის დაძლევით გაინაღდა, შემდეგ კი 6მ და 6სმ დასძლია და მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი (დმიტრი მარკოვი - 6მ და 5სმ, ედმონტონი, 2001 წ. ) გააუმჯობესა
6მ და 21 სმ არმანდის დუპლანტისმა მეორე ცდაზე დასძლია და 2020 წლის სექტემბერში თავის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი 6 სმ-ით გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა, ამერიკელმა კრის ნილსენმა და ფილიპინელმა ჯონ ობიენმა ასპარეზობა 5მ და 94სმ-ით გადალახვით დაასრულეს.
22 წლის არმანდის დუპლანტისი პირველი ჭოკით მხტომელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული იუნიორებში, ახალგაზრდებში, დახურულ დარბაზში, ღია ცის ქვეშ და ოლიმპიურ თამაშებზე.
არმანდის დუპლანტისმა 2020 წლის თებერვალში 6მ და 17სმ დასძლია და ფრანგი რენო ლავინელის მიერ 2014 წელს დამყარებული რეკორდი დარბაზებისთვის გააუმჯობესა, ორ კვირაში კი მას კიდე 1 სმ წაამატა. წელს დუპლანტისმა დარბაზებისთვის რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა და ამჟამად 6მ და 20სმ-ია.
არმანდის დუპლანტისმა ლეგენდარული უკრაინელი ჭოკი მხტომელის, სერგეი ბუბკას 1994 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი ღია ცის ქვეშ ასპარეზობისთვის 2020 წლის სექტემბერში გააუმჯობესა.
შვედმა არმანდ დუპლანტისმა უკრაინელი სერგეი ბუბკას 26 წლის წინანდელი ფანტასტიკური რეკორდი დაამხო (ვიდეო)
არმანდის დუპლანტისმა დღეს 6 მეტრიანი თამასა კარიერაში ორმოცდამერვედ გადალახა და სერგეი ბუბკას კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესა. ბუბკა „მხოლოდ" ორმოცდაექვსჯერ გადაევლო ზემოდან 6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე გადებული თამასას.