შვედმა არმან დუპლანტისმა უკრაინელი სერგეი ბუბკას რეკორდი დაამხო
რომში, ცნობილი იტალიელი სპრინტერის, 200 მეტრზე რბენაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ პიეტრო მენეას საპატივცემულოდ გოლდენ გალა პიეტრო მენეად წოდებულ რილიანტის ლიგის ერთ-ერთ ეტაპზე, ფენომენალური უკრაინელი ჭოკით მხტომელის, 1988 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ექვსგზის ჩემპიონ სერგეი ბუბკას მიერ 1994 წელს დამყარებული რეკორდი დაემხო. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა, 20 წლის ამერიკული წარმოშობის შვედმა არმან "მონდო" დუპლანტისმა წელს 14-ჯერ უშედეგოდ მიიტანა იერიში რეკორდზე, მეთხუთმეტე ცდაზე კი გადაევლო ზემოდან 6 მ და 15 სმ-ის სიმაღლეზე გადებულ თამასას და 1 სმ-ით გააუმჯობესა ბუბკას რეკორდი ღია სტადიონებისთვის. არმან "მონდო" დუპლანტისმა წელს, თებერვალში, ფრანგი რენო ლავინელის 6 წლის წინანდელი რეკორდი დარბაზში ჭოკით ხტომაში გააუმჯობესა 1 სმ-ით, ერთ კვირაში კი უკვე თავის რეკორდს, 6 მ და 17 სმ-ს წაუმატა კიდევ ერთი სმ და ბრილიანტის ლიგის გოლდენ გალა პიეტრო მენეაზე ჭოკით ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენის რანგში ასპარეზობდა (მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაცია არ განასხვავებს დარბაზში და ღია ცის ქვეშ დამყარებულ რეკორდებს), მაგრამ ყველა ჭოკით მხტომელისთვის ოცნებად ქცეული, ღია ცის ქვეშ 6 მ და 15 სმ სიმაღლის დაძლევით იგი უპირობო რეკორდსმენი გახდა.