მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 2025 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ოთხი მედლით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მამაკაცთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.

2026 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. თბილისი კონტინენტის პირველობისთვის მზადებას იწყებს. შეჯიბრება მომავალი წლის აპრილში ჩატარდება. პოდგორიცაში დროშის გადაცემის ცერემონია უკვე გაიმართა. ევროპის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებისგან დროშა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლებთ. ბოლო წლებში საქართველო სპორტულ ცენტრად იქცა და მრავალი საერთაშორისო ღონისძიება წარმატებით ჩავატარეთ. დარწმუნებული ვარ, ევროპულ ჩემპიონატსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ამით ძიუდოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო გავზრდით — ახალი თაობა, ბექაურებისა და თუშიშვილების შთამაგონებელი მაგალითით, საყვარელ ძიუდოისტებს საკუთარ თვალით დაინახავს“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან ნოზაძემაც გააკეთა:

„ეს ჩვენთვის დიდი პატივია და მადლობას ვუხდით ევროპის ძიუდოს კავშირს ასეთი ნდობისთვის. 2009 წლის შემდეგ, კვლავ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს და ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო ატმოსფეროს შევქმნით. დიდი გამოცდილება გვაქვს — თბილისის გრანდ სლამიც ამას მოწმობს. გპირდებით, სრულ მზადყოფნაში ვიქნებით! რაც მთავარია, ველოდებით კიდევ უფრო მეტ ოქროს მედალს. უკეთესია თავად ნახოთ და განიცადოთ, ვიდრე მხოლოდ ჩემგან მოისმინოთ — მთელი საქართველო თქვენ გელით“.

2009 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლს დაეუფლა, ლევან წიკლაურმა და ნესტორ ხერგიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.