ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ზამთრის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ჰოკეიში მეორე დივიზიონის B ჯგუფის ჩემპიონატმა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების მეტოქე პირველი ტურის მატჩში მასპინძელთა ნაკრები იყო.

პირველი პერიოდის მე-12 წუთზე ნიკიტა ბუკიას გადაცემის შემდეგ შაიბა ივან კარელინმა შეაგდო.

მე-16 წუთზე ბულგარელებმა ანგარიში გათანაბრეს.

მეორე პერიოდის 27-ე წუთზე ვიტალი ძიოვმა საქართველო დააწინაურა.

34-ე წუთზე არტიომ კოზიულინმა ვიტალი ძიოვის გადაცემა გამოიყენა და მესამე შაიბა შეაგდო კარში.

შეხვედრის მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და ამან ასახვა ბულგარელთა კარში გატანილ კიდევ ოთხ შაიბაში პოვა.

შაიბები 46-ე წუთზე არტიომ კურბატოვმა (ასისტენტი ივან მაროვი), 49-ე წუთზე ბორის კოჩკინმა, 49-ე წუთზე ოლივერ ობოლგოიანმა (ასისტენტი ვიტალი ძიოვი), 53-ე წუთზე ივან მაროვმა (ასისტენტი ოლივერ ობოლგოგიანი) შეაგდეს და საბოლოოდ საქართველომ 7:1 გაიმარჯვა.

პირველი ტურის სხვა შეხვედრების შედეგები:
ბელგია - თურქეთი 8:0
ახალი ზელანდია - ტაივანი 5:1

მეორე დივიზიონის B ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს A ჯგუფში დაწინაურდება, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.