იტალიის ქალაქ გალიპოლიში ჭადრაკში სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.
ქალთა +65 ასაკობრივ ჯგუფში ნონა გაფრინდაშვილმა მონღოლი დამდინ სერჯიმიადაგი დაამარცხა და ბოლო ტურის წინ 7 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ფიდეს სახელი მოასპარეზე რუს ლარისა ხროპოვასთან ერთად.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონობა გაინაღდა გალინა სტრუტინსკაიამ. მას ათი შესაძლებლობიდან 8,5 ქულა აქვს.
+50 ასაკობრივ ჯგუფში შოტლანდიელმა ქეთევან არახამია-გრანტმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა კუბელ მარიცა არიბას რობაინასთან, 8,5 ქულა დააგროვა, მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა და მსოფლიო ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე სოფიკო ტერელაძემ დღეს ამერიკელ ნატალია ცოდიკოვას სძლია და ბოლო ტურის წინ 6 ქულით მეორე-მეექვსე ადგილებს იყოს შვედ პია კრამლინგთან, ისრაელელ მაშა კლინოვასთან, ესპანელ მონიკა კალცეტა რუიზსთან და კუბელ მარიცა არიბას რობაინასთან ერთად.
ინგა ხურცილავას 6 ქულა აქვს, სოფიკო ნიკოლაძეს კი 5 ქულა.
კაცთა +65 ასაკობრივ ჯგუფში ზურაბ სტურუამ შვედი ნილს-გუსტაფ რენმანი დაამარცხა და ბოლო ტურის წინ პირველ-მეოთხე ადგილებს იყოფს უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევთან, გერმანელ კრისტიან მაიერთან და ფიდეს სახელით მოასპარეზე რუს ევგენი კალეგინთან ერთად.
კაცთა +50 ასაკობრივ ჯგუფში მიხეილ კეკელიძემ უკრაინელი ანდრი მაქსიმენკო დაამარცხა და ბოლო ტურის წინ 8,5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს ისრაელელ ვიქტორ მიხალევსკისთან ერთად.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე ალექსანდრე ქაშაშვილს 5,5 ქულა აქვს, ზაზა ხოფერიას კი 5 ქულა.
ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან:
ნონა გაფრინდაშვილი - ანეტ ვაგნერ-მიხელი (გერმანია)
სოფიკო ტერელაძე - მარიცა არიბას რობაინა
ინგა ხურცილავა - ელენა კრასენკოვა (პოლონეთი)
სოფიკო ნიკოლაძე - გენდენჟამც ბაიარმა (მონღოლეთი)
ალექსანდრ რეპრინცევი - ზურაბ სტურუა
პოლ მოტვანი (შოტლანდია) - მიხეილ კეკელიძე
დავიდ გლუკსმანი (სამხრეთ აფრიკა) - ალექსანდრე ქაშაშვილი
ჯუზეპე ფაბიანო (იტალია) - ზაზა ხოფერია




