ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაში 63-67-87კგ წონითი კატეგორიების ფალავნები ჩაებნენ

ქართველმა ფალავნებმა პირველი ორი დღის წარუმატებლად ასპარეზობის შემდეგ დღეს დღესაც ვერ შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება და მხოლოდ არაოლიმპიურ წონაში მოჭიდავე ლერი აბულაძემ შეძლო ფინალში გასვლა.


ლერი აბულაძემ (63კგ) 1/8 ფინალში თურქი ენეს ბასარი 4:3 დაამარცხა, 1/4 ფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ჰრუშინს 1:1  დამთავრებულ შეხვედრაში ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგ სტეფან როჟე კლემანს 3:1 მოუგო და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად მამადოვან იჭიდავებს.


67კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა 1/16 ფინალში ბულგარელ ივო ილიევს 7:0 მოუგო. 1/8 ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ბელორუსი ალექსანდრ ლევონჩუკი 5:1 დაამარცხა, 1/4 ფინალში კი ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 0:10 დამარცხდა.

ისმაილოვი ნახევარფინალში დამარცხდა და ჯონი ხეცურიანი ასპარეზობას გამოეთიშა.

87კგ წონაში ლაშა გობაძემ საკვალიფიკაციო წრეში ეგვიპტელი სულთან ალი მოჰდ დომენ ეიდი 8:1 დაამარცხა, 1/16 ფინალში ხორვატ ივან ჰუკლეკს 6:2 მოუგო, 1/8 ფინალში კი ბულგარელ სემიონ ნოვიკოვთან 1:3 დამარცხდა.  

ნოვიკოვი ნახევარფინალში დამარცხდა და ლაშა გობაძეე რეპეშაჟიდან ბრძოლის გაგრძელების შანსი არ მიეცა. 

ამრიგად, საქართველომ ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოლიმპიური წონიდან  (60-67-77-87-97-130კგ) ვერცერთში ვერ შეძლო პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება.   

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან ოთხი ბერძნულ-რომაული და სამი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ასპარეზობდა. ამჟამად კი ჯერჯერობით მხოლოდ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 97 და 125კგ წონებშია მოპოვებული ლიცენზია და მას კიდევ ორჯერ - ევროპის საოლიმპიადო საკვალიფიკაციო და მსოფლიოს საოლიმპიადო საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე -  მიეცემა. ლიცენზიებს ქვეყნებს აღნიშნულ ტურნირებში პირველ-მეორე ადგილზე გასული მოჭიდავეები მოუტანენ.