საქართველოს მთავრობის, ფონდ “ქართუსა” და ქართული კლუბების ხელშეწყობით, უკანასკნელ წლებში ქართული რაგბი ახალ სიმაღლეებს იპყრობს.
ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის მენეჯმენტმა 2024 წლის შემაჯამებელი საერთო კრებაზე ისაუბრა, რომელიც 22 დეკემბერს “ავჭალის” სარაგბო სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
2022 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნებმა ტიერ1-ის ქვეყნებთან სამი ისტორიული გამარჯვება მოიპოვის - 2022 წელს იტალიასთან ბათუმში( 28:19)_ და უელსთან კარდიფში (13:12), 2024 წელს კი იაპონიასთან სენდაიში (25:23). ეს იყო მეორე გამარჯვება იაპონიასთან, პირველი მოპოვებული იყო 10 წლის წინ.
ბორჯღალოსნების შეფასებისას ხაზი გაესვა მნიშვნელოვან სტატისტიკას. ბოლო წლებში საქართველო უახლოვდება სარაგბო ელიტის წარმომადგენლებს და თუ 2021 წლამდე ტიერ1-ის გუნდებთან ჩატარებულ 18 თამაშში არცერთი გამარჯვება არ გვქონდა, ბოლო სამ წელიწადში 7 შეხვედრიდან სამი მოვიგეთ. 2021 წლამდე ბორჯღალოსნები ტიერ1-ის გუნდებთან საშუალოდ 30 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, ბოლო წლებში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6 ქულამდე შემცირდა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა კლუბებს, რომელთა ჩართულობის გარეშე ეროვნულ სარაგბო ნაკრებს აღნიშნული ასეთი პროგრესი ვერ ექნებოდა. ასევე აღინიშნა ამ წარმატებაში სახელმწიფოს, “ქართუ ჯგუფის” და ქართული რაგბის მეგობარი კომპანიების როლი.
“სამი ისტორიული გამარჯვებით, ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახეთ ქართული სული და ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს მსოფლიო რაგბის მწვერვალებთან” - აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.
მიხეილ ფციელი