ხვალ ისრაელში ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრიზე ასპარეზობაში ჩაებმებიან. პირველობისთვის 54 ქვეყნის 427 ძიუდოისტი იბრძოლებს, მათ შორის, 242 კაცი და 185 ქალი.
თელავივში ქართველი ძიუდოსტი კაცები არ იასპარეზებენ, ქალები კი ოთხ წონით კატეგორიაში მოსინჯავენ ძალებს და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებელად სალიცენზიო ქულების დაგროვებას შეეცდებიან. 52 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რეიტინგში 18 ქულით 93-ე ადგილზე მყოფი მარიამ ჯანაშვილი და ჯერჯერობით უქულო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. ტატიანა, რომელიც ადრე უკრაინის სახელით ასპარეზობდა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველ ძიუდოისტს, ამჟამად თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანის ცოლი და საქართველოს მოქალაქე გახდა და საქართველოს ნაკრებში ადგილის მოპოვებისთვის იბრძოლებს. 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს. ეთერს მხოლოდ სამი ქულა აქვს და 145-ე ადგილზეა. 70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია შეეცდება წონის ლიდერებთან მიახლოებას. მარიამს ამ დროისთვის 56 ქულა აქვს და 64-ე ადგილზეა. ქართველი ქალი ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კიდევ ერთი პრეტენდენტი სოფიო სომხიშვილი, რომელიც +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, 56 სარეიტინგუ ქულით 46-ე ადგილზეა. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.