პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი.

ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო. ის ასევე არის მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. ქართველი სპორტსმენი მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიპოვა.


კარიერაში პირველად იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ ის გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
ხოლო სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მიიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა.

წარმატების მისალოცად ქართველ ოლიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დახვდა. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა. პარიზში საქართველოს ღირსებას ათ სპორტის სახეობაში 28 სპორტსმენი იცავდა