ნორვეგიელმა მოთხილამურემ, იოჰანეს კლებომ, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სკიატლონში 10+10 კმ დისტანციაზე და ინდივიდუალურ კლასიკურ სპრინტში მოპოვებულ ორ ოქროს მედალს არ დასჯერდა და დღეს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა თავის კოლექციას.

დღეს იოჰანეს კლებომ მილანი/კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ სტილში ინდივიდუალური სტარტით 10 კილომეტრიანი სათხილამურო რბოლა მოიგო და რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

1. იოჰანეს კლებო (ნორვეგია) - 20:36.2
2. მათის დესლოჟი (საფრანგეთი) - 20:41.1
3. ეინარ ჰედეგარტი (ნორვეგია) 20:50.2

იოჰანეს კლებომ მოთხილამურეებს შორის ოლიმპიური გამარჯვებების ყველა დროის რეკორდი გაიმეორა. მას 3 ოქროს მედალი ფიონჩანის 2018 წლის, ორი პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მოპოვებული, სამი კი მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით დღემდე რეკორდსმენები იყვნენ მისი თანამემამულეები: ბიონ დელი, ული-ეინარ ბიორნდალენი და მარიტ ბიორგენი.

15-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 5-გზის მსოფლიო თასის მფლობელი და 5-გზის ტურ დე სკი-ს გამარჯვებული 29 წლის იოჰანეს კლებო ამ თამაშებზე კიდევ ორ დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას: 18 თებერვალს მამაკაცთა გუნდურ სპრინტში და 21 თებერვალს მასობრივი სტარტით 50 კილომეტრიან რბოლაში.

ამ დროისთვის მედლებით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიელებს რვა ოქროს, ორი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული, მეორე ადგილზე მყოფ იტალიელებს კი ექვსი ოქროს, სამი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალი.