გუშინ საღამოს გარდაიცვალა, ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, გურამ მინაშვილი.
„მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონი“ - ასე მოიხსენიებენ ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს, გურამ მინაშვილს, რომელიც თითქმის 2 ათეული წლის განმავლობაში თავისი განუმეორებელი ასპარეზობით ხიბლავდა კალათბურთის გულშემატკივრებს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
გურამ მინაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია, საკავშირო პირველობის გამარჯვებული, რომის 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირების არაერთგზის პრიზიორი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი გამოსვლა სამ ტურნირზე – მაირანოს თასზე, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასსა და მსოფლიოს პირველობაზე.
1958 წელს ქალაქ ბოლონიაში, მაირანოს თასის გათამაშებაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელი ტურნირის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალურმა ჟიურიმ გურამ მინაშვილს ოქროს მედალი გადასცა.
გურამ მინაშვილს ქართველი კალათბურთელები და კალათბურთში მოღვაწე პიროვნებები იხსენებენ.
მიხეილ ახვლედიანი:
„პიროვნულად ბრწყინვალე ადამიანი, როგროც სპორტსმენი, ალბათ საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ბრწყინვალე კალათბურთელი, თუ საუკეთესო არა. პრაქტიკულად ყველა ტიტული ჰქონდა მოგებული, რაც კი არის მსოფლიოში. დინამოს კაპიტანი იყო 10 წლის განმავლობაში. მერე მწვრთნელადაც ნამუშევარი. ბავშვებთან ნამუშევარი, სტუდენტებთან. როგორც სპორტსმენმა ყველა რანგი გაიარა ბრწყინვალედ. სამწუხაროა, რომ მეტის გაკეთება შეეძლო და რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ქართულმა კალათბურთმა ვერ გამოიყენა მისი შესაძლებლობები სრულფასოვნად იმიტომ, რომ მაინც რაღაც გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან.
ისევე როგორც სამწუხაროდ მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე. მარტო საქართველოში შეიძლება კაშკაშა ვარსკვლავები გულდაწყვეტილები წავიდნენ ამ ქვეყნიდან. სხვაგან მათ სხვანაირად ექცევიან და აფასებენ, საქართველოში კი ცოტა პირიქით ხდება“.
ნიკოლოზ დერიუგინი:
„ძალიან ახლოს არ ვყოფილვართ, მაგრამ მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ გურამი ძალიან კარგი კალათბურთელი და პიროვნება იყო. რაც მან გააკეთა ქართული კალათბურთისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტის ისტორიისთვის“.
ნუგზარ ჭეიშვილი:
„გურამი იყო ერუდირებული, შესანავი პიროვნება. მის ხელში აყვავდა კალათბურთი. ძალიან უყვარდა კალათბურთი. კარიერის დასრულების შემდეგ იგი ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგეც გახლდათ“.
გივი ბიჭიაშვილი:
„გურამ მინაშვილი შემიძლია გავიხსენო, როგორც პირველი ლიდერი კალათბურთის. ძალიან დიდი კალათბურთელი, კალათბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ნათელი მოთამაშე, რომელმაც თავისი თამაშით, მისი ორგანიზატორული თამაშით დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კალათბურთში. დისციპლინირებული, კარგი პიროვნება გახლდათ. კარგი პიროვნება და უმაღლესი დონის კალათბურთელი. მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ენბიეის დაამშვენებდა მისი თამაშით. თავისუფალი მოსაუბრე, იუმორით სავსე კაცი, სასიამოვნო და საინტერესო იყო მასთან საუბარი“.
ნოდარ ქორქია:
„ძალიან დიდი კალათბურთელი იყო, ჩემი თვალით მაქვს მისი თამაში ნანახი. სხვას ყველაფერს რომ დავანებოთ თავი ჩემპიონატის თასი რომ მოიპოვეს ჩვენებმა, ერთ-ერთ ეტაპზე სტიაუასთან ჰქონდათ შეხვედრა. მოხდა ასეთი ფაქტი, თბილისში ჩვენებმა წააგეს ბატონმა გურამმა დიდი წვლილი შეიტანა, რომ ანგარიში მინიმალური სხვაობით დამთავრებულიყო, გასვლით თამაშზე ვიგებდით 3 ქულით და იქაც, ბატონმა გურამმა ჩააგდო ბოლო წუთებზე და მოვიგეთ 5 ქულით და ამის ხარჯზე გავედით შემდეგ ეტაპზე.
თვითონ შესანიშნავი პიროვნება იყო, მე პატარა ვიყავი რომ გავიცანი. არამარტო ქართულმა კალათბურთმა, არამედ მთელმა საქართველომ დაკარგა დიდი პიროვნება. შესანიშნავი პიროვნება გახლდათ, ბევრი რამ მაქვს მისგან ნასწავლი“.
ლეგენდარულ კალათბურთელს სასამართლო დავა ჰქონდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წინააღმდეგ. გურამ მინაშვილი ეროვნული ფედერაციის 2013 წლის 11 დეკემბრის საანგარიშო საარჩევნო ყრილობის ოქმის ბათილად ცნობას და გაუქმებას ითხოვდა.
გურამ მინაშვილი თვლიდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, რადგან ის ყრილობაზეც კი არ მიიწვიეს როგორც დელეგატი და არ მისცეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
გურამ მინაშვილმა, მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაწყენი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ლევან ყიფიანზე.
„სპეციალურად არ მხვდება, სპეციალურად მარიდებს თავს, იმიტომ რომ მე მისთვის ნათქვამი მაქვს: ლევან შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ნამდვილი პრეზიდენტი ავირჩიოთ. ის თავს მიქნევდა და ამ დროს რა გადაწყვეტილება მიიღეს, ნახეთ! მინდა დაწეროთ აუცილებლად, რომ ლევან ყიფიანზე ძალიან ნაწყენი ვარ. მან ხელი შეუწყო კალათბურთის 12 წლით გაყალბებას. ზურაბ საკანდელიძეს და მიშა ქორქიას ამერიკის კალათბურთის პრეზიდენტად აირჩევდნენ, ამათ კიდევ ლიპარტელიანს დაუჭირეს მხარი გაყალბებით“ (სააგენტო „გურია ნიუსი“)
„აიპრესი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ეკა კვიტაიშვილმა ამ ფაქტს ასეთი პასუხი გასცა:
„ბატონ გურამს მინისტრთან შეხვედრის პრობლემა არასდროს ქონია. მინისტრი ჩართულია პატივის მიგებისა და საორგანიზაციო საკითხებში, ამ მხრივ მემგონი მინისტრს სანანებელი არაფერი აქვს.
ბატონ გურამს ნამდვილად არ აკლდა ლევან ყიფიანთან ურთიერთობა და მასთან შეხვედრა. რაც შეეხება კალათბურთში მიმდინარე პროცესებს, ეს უკვე სხვა თემაა და ბატონ გურამს სწორედ ფედერაციასთან ქონდა პრეტენზია და არა მინისტრთან“.




