ხვალ დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთმანეთს საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა და ნაკრების მეკარემ, კონორ ჰაზარდმა უპასუხეს.
კონორ ზაჰარდი: “ბოლოს გვქონდა თამაში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და იმის მიუხედავად, რომ 3:1 დავმარცხდით, ასეთი დონის გუნდებთან შეხვედრა ყოველთვის დიდი გამოცდილებაა. რაც შეეხება ერთა ლიგას, დავწინაურდით კვალიფიკაციაში და მოხარულები ვართ, რომ უკეთეს და ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში.
უმაყურებლოდ თამაშს რაც შეეხება, მასპინძელი გუნდისთვის მეტი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ მაინც სავსე სტადიონზე თამაშს ვანიჭებთ უპირატესობას.
ახალგაზრდა ნაკრები გვყავს, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაგვემატა და ვფიქრობთ წარმატებას მივაღწევთ ახლო მომავალში”.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს მაიკლ ონილს ჟურნალისტებმა ხვალინდელი შეხვედრის პროგნოზი, გუნდის მზაობა და მოწინააღმდეგე გუნდის შეფასება სთხოვეს.
“ყველა მწყობრშია ხვალინდელი თამაშისთვის, ტრავმები ფეხბურთელებს არა აქვთ. გვირჩევნია, რომ სავსე სტადიონზე ჩატარდეს მატჩი, მაგრამ ვფიქრობ მასპინძელი გუნდისთვის ეს მეტი დანაკლისია.ჩვენს ნაკრებს აქვს ცარიელ ტრიბუნებზე თამაშის გამოცდილება და ვიცით ეს რა არის.
საქართველოს ნაკრებში არაერთი კარგი ფეხბურთელია. ასაკის მხრივაც გვისწრებენ განვითარებაში და იქ არიან, სადაც ჩვენ 4-5 წელიწადში ვიქნებით.
ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია, შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ამ დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება, თუნდაც საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და ვიმედოვნებთ რომ ხვიჩას გავანეიტრალებთ.
ერთა ლიგის გათამაშების ამ ეტაპზე ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან ძლიერ ნაკრებებს. მართალია, არა ელიტურ გუნდებს, მაგრამ კარგი გამოცდილება იქნება ეს ჩვენთვის. საფრანგეთთან თამაშში ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო. ვცდილობთ, ზედმეტი წნეხი არ ჰქონდეთ ნაკრების მოთამაშეებს და მათ ზედმეტი არ მოვთხოვოთ. ეს ყველაფერი უფრო ჩვენი მომავალი გეგმებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდის უპირატესობა ფიზიკური მომზადებაა, ფეხბურთელები კარგად არიან მომზადებულები.
შევისწავლეთ მოწინააღმდეგე გუნდი. ბევრს არ ვისაუბრებ და არ მინდა ზედმეტი ვთქვა რამე მათზე. ჩვენ ჩვენს უპირატესობებზე გავაკეთებთ აქცენტს და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რაც მოგვეცემა.
რაც შეეხება ჯგუფს - ეს ძალიან თანაბარი ჯგუფია, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ფავორიტად მიიჩნევა. საქართველოს ნაკრებს აქვს ამბიცია, რომ პირველი ადგილი დაიკავოს. ჩვენ ვეცდებით საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
სამწუხაროა, რომ დღეს ჯორჯ ბესტი ჩვენს გუნდში არ არის, მაგრამ მან მოახერხა მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილი დამკვიდრება. დღეს საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, ჰყავდა გიორგი ქინქლაძე და ყოველთვის მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნის ნაკრებებში ასეთი დონის ფეხბურთელების არსებობა“ - განაცხადა მაიკლ ონილმა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.




