ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე პირველი მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ბალავაძე, დღეს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ ბალავაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავისუფალ წიდაობაში 1954 წელს, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. მეორედ კი პლანეტის პირველობის ტიტული, სტამბოლში 1957 წელს მიიღო.
მისი ბიოგრაფია შთამბეჭდავია:
პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის 1 მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (აშშ- 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ 2 (1972, 1976), ხალხთა მეგობრობის(1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
ვახტანგ ბალავაძეს 1955 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1971 წელს — სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდებები.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, უკვე წლებია, რაც ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ატარებს. გივი კარტოზია 1998 წელს გარდაიცვალა, ახლა კი ჭიდაობის ოჯახი ვახტანგ ბალავაძესაც ემშვიდობება.




