ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ განაცხადა.
"პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ მე ამომირჩია და მე შემაძლებინა ეს ყველაფერი, რომ გავმხდარიყავი საქართველოში ის ერთადერთი, ვინც შეძლო ორი ოლიმპიური ოქროს მოიპოვება. რა თქმა უნდა ღმერთის გარეშე ასეთი რამეები არ ხდება.
პირველ რიგში, უდიდესი მადლობა უფალს, შემდეგ ჩემს ხალხს. ვიცი, რომ უბედნიერესია ჩემი სამშობლო დღეს და ამის მიზეზი ვარ მე და ქართველი კაცისთვის, პატრიოტი ადამიანისთვის, ამაზე მაგარი არაფერი არ არის. შეჯიბრზე ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო. ძალიან რთულია ზოგადად, რომ იომო სისხლის ბოლო წვეთამდე და მიაღწიო, მაგრამ ყველაფერი კარგი, რაც არის ვფიქრობ, რომ რთულად მისაღწევია“,-აღნიშნა ლაშა ბექაურმა.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.