მილანში, "სან სიროს" სტადიონზე დღეს, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გაცილების მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერი, კახა კალაძეც მიიღებს.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ მეც მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვიდე იმ სტადიონზე, იმ ქვეყანაში, რომელთანაც არის დაკავშირებული ჩემი ყველა წარმატება, რაც შეეხება ანდრეა პირლოს, მისი შესაძლებლობები ყველამ ძალიან კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდის მამოძრავებელი ღერძი იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.
იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავმა, "მილანის" ნახევარმცველმა კარიერა გასული წლის მიწურულს დაასრულა, თუმცა მრავალი ტიტულის მფლობელი ფეხბურთელი აქტიური სპორტიდან დღეს დაგეგმილი გამოსამშვიდობებელი მატჩით წავა, რომელშიც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.
ანდრეა პირლო და კახა კალაძე "მილანში" ცხრა წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.იმ პერიოდში მილანურმა გრანდმა სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.