საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს (ITA) ინფორმაციით, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ზურაბ დათუნაშვილის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ITA-ს ცნობით, სასამართლომ 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილება - სპორტსმენის 5-წლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
"სპორტის არბიტრაჟის სასამართლომ (CAS) უარყო დათუნაშვილის სააპელაციო საჩივარი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგური განყოფილების (CAS ADD) 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ბატონმა დათუნაშვილმა მიმართა აკრძალულ მეთოდს (შარდის ჩანაცვლება) და გაყალბებას (ყალბი მტკიცებულებების გამოყენება), რითაც დაარღვია ანტიდოპინგური წესების 2.2 და 2.5 მუხლები, რის გამოც მას დაკისრებული აქვს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია. სასამართლომ ასევე დაადასტურა სპორტსმენის მიერ 2021 წლის 27 მაისიდან მოყოლებული მიღებული ყველა შედეგის დისკვალიფიკაცია, მათ შორის სპორტსმენის მიერ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის და 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლების გაუქმება", - წერს ITA.
ცნობისთვის, 2021 წელს დათუნაშვილმა დოპინგ კონტროლი დაარღვია, რომელიც თავდაპირველად არ გახმაურებულა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა სამმართველომ დაადგინა, რომ მოჭიდავემ შარდის სინჯის ყალბი ანალიზები წარმოადგინა და მას აღნიშნული ბრალი დაუმტკიცდა. ასეთი დანაშაულის გამო, საარბიტრაჟო სასამართლო ათლეტისთვის სასჯელად 5-წლიან დისკვალიფიკაციას და 2021 წლის 27 მაისიდან მოყოლებული ყველა, მათ შორის ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიო პირველობაზე მიღებული ორი ოქროს მედლის, გაუქმებას მოითხოვს.




