საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, თავის პირველ სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სტუდენტობის ბოლო წლებში, გაზეთ 11X11-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა, ამ სამსახურამდე კი სპორტის დიდმა სიყვარულმა მიიყვანა.
"განსაკუთრებული მადლობა ამ ინტერვიუსთვის, როგორც წესი, მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე მიწევს ხოლმე ექსკლუზიურად საუბარი, დღეს სხვა თემებზეც ვისაუბრებ, რაც ძალიან კარგია და საზოგადოებისთვისაც კარგია, რომ პოლიტიკოსებისგან მუდმივად პოლიტიკაზე არ ისმენდეს საუბარს.
სპორტი არის ის, რაც მეც განსაკუთრებულად მიყვარს და სპორტის მიმართ სიყვარული იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მე ჩემს პირველ სამსახურად ავირჩიე სპორტული გაზეთი. ეს იყო საფეხბურთო გაზეთი, 11X11. მაშინ, ძირითადად, ორი სპორტული გაზეთი იყო, რითაც ადამიანები სარგებლობდნენ - ეს იყო "სარბიელი" და 11X11. მე ამ უკანასკნელში დავიწყე მუშაობა. ჩემი სტუდენტობის ბოლო წელი იყო, მე-5 კურსი, როდესაც შედარებით მეტი თავისუფალი დრო გაქვს და მაშინ გადავწყვიტე, განაცხადი შემეტანა, გაზეთმაც მიმიღო და დავიწყე სტატიების წერა.
ვწერდი როგორც სტატიებს ქართულ თუ მსოფლიო ფეხბურთთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ჩემპიონატების მიმოხილვებს და ა.შ. ანუ, სხვადასხვა თემაზე ვმუშაობდი. რაღაც მომენტში, ვიყავი საერთაშორისო ფეხბურთის მიმართულების რედაქტორი, სხვადასხვა საფეხური გამოვიარე და წელიწადზე მეტი ვმუშაობდი. შემდეგ, უბრალოდ, ჩემი ძირითადი პროფესიით განვაგრძე საქმიანობა და ამის შემდეგ მომიწია სამსახურის შეცვლა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.