ტაილანდში, ძალოსნობაში მსოფლიო თასზე - პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე - 102კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა ასპარეზობა დასრულდა.

ქარველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ პირველმ მოძრაობაში მხოლოდ საწყისი წონა, 170 კგ დასძლია და მეთექვსმეტე ადგილზე გავიდა.

მეორე მოძრაობაში ირაკლი ჩხეიძემ ასევე საწყისი წონა, 211 კგ დასძლია და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
 
ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძე 381 კგ-ით მეთერთმეტე იყო. მან თავის  საუკეთესო შედეგზე 10 კგ-ით ნაკლებით დაასრულა ასპარეზობა, თუმცა შეძლო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო სიაში სალიცენზიო ადგილის შენარჩუნება.  

შეგახსენებთ, რომ პარიზის  ოლიმპიურ თამაშებზე სულ 120 ძალოსანი იასპარეზებს. მედლები ქალთა 49-59-71-81 და +81კგ და კაცთა 61-73-89-102 და +102 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ლიცენზიები ყოველ წონაში 10 საუკეთესო შედეგს მქონეს, აგრეთვე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს და ერთიც კონტინენტალური კვოტით საუკეთესო სპორტსმენად მიჩნეულს გადაეცემა. თითოეულ ოლიმპიურ კომიტეტს მაქსიმუმ ექვსი ლიცენზიის (სამი ქალთა და სამი კაცთა შორის) მიღება შეუძლია.

საქართველოდან, კაცთა შორის, ლიცენზიები შოთა მიშველიძეს, ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს აქვთ. ქალთაგან პარიზში გამგზავრების შანსი აქვს ანასტასია გოტფირდს, რომელიც ამ დროისთვის მე-14 ადგილზეა. მას საკვალიფიკაციო რეიტინგში მეცხრე-მეათე ადგილებზე მყოფ სპორტსმენებზე 8 კგ-ით ნაკლები წონა აქვს დაფიქსირებული.