„ჩელსის", „პარი სენ-ჟერმენის" და მიუნხენის „ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი, გერმანელი ტომახ ტუხელი ნაკრების მესამე არაინგლისელი მწვრთნელი გახდა შვედი სვენ-გორან ერიქსონისა (2001-2006) და იტალიელი ფაბიო კაპელოს (2007-2012) შემდეგ.
51 წლის გერმანელი ტომას ტუხელი ნაკრების მესამე არაინგლისელი მწვრთნელი გახდა შვედი სვენ გორან-ერიქსენის (2001-2006) და იტალიელი ფაბიო კაპელოს (2007-2012) შემდეგ. კონტრაქტი ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე იმოქმედებს.
ტომას ტუხელის წლიური ხელფასი 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. მის თანაშემწედ, ისევე როგორც „ჩელსიში" და „ბაიერნში", ინგლისელი ენტონი ბერი იმუშავებს.
ტომას ტუხელი ცნობილია იმით, რომ 2021 წელს, „ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლემპარდის შეცვლიდან ოთხ თვეში გუნდმა ჩემპიონთა თასი მოიგო. მას აგრეთვე მოგებული აქვს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი „ჩელსისთან" და საფრანგეთის და გერმანიის ჩემპიონატი „პარი სენ-ჟერმენთან" და „ბაიერნთან" ერთად.
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრნელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ესპანეთთან დამარცხდა და გარი საუთგეიტმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
გერმანელი სპეციალისტის ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ არაერთი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის და საფეხბურთო ექსპერტის უკმაყოფილება გამოიწვია. გარი ნევილი ეჭვქვეშ არ აყენებს ტუხელის კვალიფიკაციას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ინგლისს უამრავი პირველხარისხოვანი სპეციალისტი ჰყავს და მთავარ მწვრთნელად უცხოელი არ უნდა დაენიშნათ. გარი ლინეკერის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მუშაობას ლი კარსლი გააგრძელებდა.