ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს +100 კგ წონითი კატეგორიის კაცები და +78 კგ წონითი კატეგორიის ქალები იბრძვიან მედლებისთვის.

+100 კგ წონაში გურამ თუშიშვილი პირველი ორი შეხვედრის შემდეგ მერვედფინალში რუს ვალერი ენდოვიცკისთან ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამავე წონაში მოასპარეზე მეორე ქართველმა ძიუდოისტმა, ირაკლი დემეტრაშვილმა პირველივე შეხვედრა იპონით წააგო უზბეკ მუზაფარბეკ ტურობაევთან.

ქალთა +78 კგ წონაში სოფიო სომხიშვილი საწყის შეხვედრაში რუს მარია ივანოვასთან იპონით დამარცხდა.

ამრიგად, ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ორი ოქროს (81კგ ტატო გრიგალაშვილი, 100კგ ილია სულამანიძე) ერთი ვერცხლის (57კგ ეთერ ლიპარტელიანი) და ერთი ბრინჯაოს (60კგ გიორგი სარდალაშვილი) მედალი მოიპოვეს და მოპოვებული მედლებით გუნდურ ჩათვლაში ამ დროისთვის მეორე ადგილზე არიან.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები გუნდურ ასპარეზობაში გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატამდე ქართველ ძიუდოისტებს სულ 15 ოქროს, 29 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ