9 ოქტომბერი - დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული.
სიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წელს თბილისში ჩამოაბრძანეს.
პორტაიტისას ასლი წმიდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად
ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან.
ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის. ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.
ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...
2000 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღმრთიმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.




