მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.
დღეს ასტანის საჭიდაო ხალიჩებზე 65 კგ და 97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გამოდიოდნენ.65 კგ წონაში ქართველმა მოჭიდავემ, ნიკა ზაქაშვილმა, შეხვედრის პირველ წამებზევე შეუტია მეტოქეს, რუს აბასგაჯი მაგომედოვს, მაგრამ იგი კონტრილეთით თავად მოექცა ზემოდან, შემდეგ კი რამდენჯერმე გადააგორა საქაშვილი ხალიჩაზე და შეხვედრის დაწყებიდან 47 წამში ტაბლოზე 11:0 და აშკარა უპირატესობით გამარჯვება დაფიქსირდა.
მეთხედფინალში მაგომედოვი 13:14 დამარცხდა ამერიკელ ბოუენ უილიამ ბასეტთან და ზაქაშვილმა რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ვარსკვლავებით დახუნძლულ 97 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, გივი მაჭარაშვილმა, მეთქვსმეტედფინალში ავსტრალიელი თომას ჯონ მაკგლინჩი ბარნსი უპრობლემოდ დაამარცხა (12:1). მერვედფინალში მაჭარაშვილი ბულგარელ ახმედ მაგამაევთან პირველი პერიოდის შემდეგ 0:3-ს აგებდა, მაგრამ მეორე პერიოდში მან ორჯერ შეძლო ორქულიანი ილეთის შესრულება და დაწინაურდა. შეხვედრის ბოლო წამებზე ბულგარელმა მოჭიდავემ მაჭარაშვილი ხალიჩიდან გაიყვანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ეს ანგარიში მას ხელს არ აძლევდა, რადგან დამატებითი მაჩვენებლები უარესი ჰქონდა და მისმა მწვრთნელებმა ეპიზოდი იმ იმედით გააპროტესტეს, რომ მსაჯები კიდევ ერთ ქულას ქართველი სპორტსმენის ხალიჩიდან გაქცევის გამო მისცემდა. პროტესტი უსაფუძვლოდ ცნეს და მაჭარაშვილმა 5:4 გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილი მოულოდნელად დამარცხდა (3;8) გამოცდილ და ძლიერ, თუმცა აშკარად არაფავორიტ პოლონელ ბარანოვსკისთან, რომელმაც ნახევარფინალში ამერიკელ ოლიმპიურ და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონთან, კილ სნაიდერთან 0:5 წააგო და ქართველ სპორტსმენს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი წაერთვა.
კილ სნაიდერმა მერვედფინალში თურქი ალფერენ თოქგოზი 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ორგზის ოლიმპიურ და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონთან, რუს აბდულრაშიდ სადულაევთან, 1:4-ზე ჯერ სხვაობა დაიყვანა ერთ ქულამდე, ბოლო წამებზე კი ხალიჩიდან გაიყვანა მეტოქე, ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი კრიტერიუმით გაიმარჯვა.
სადულაევმა საკვალიფიკაციო წრეში მსოფლიო ჩემპიონს (92 კგ წონაში), ყაზახ რიზაბეკ აიტმუხანს 4:1 სძლია, მერვედფინალში კი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (2022 წელს), სლოვაკი ბატირბეკ ცაკულოვს 10:1 მოუგო.
ბადის მეორე მხრიდან ფინალშიგასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, იაპონელი არაშ იოშიდა გავიდა. მან მეთქევსმეტედფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (74 კგ და 86 კგ წონით კატეგორიებში!), ირანელი ჰასან იაზდანი 7:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში ინდოელი ვიკი ვიკის 12:2 მოუგო, ნახევარფინალში კი 0;6-ს პარიზის ოლიმპიური ჩემპიონთან, ბაჰრეინელ ახმედ ტაჟუდინოვთან, მაგრამ ბოლომდე „იომა“, ანგარიში 3:6 გახადა და იქვე ბეჭებით გააკრა მეტოქე ხალიჩას.
ახმედ ტაჟუდინოვმა მერვედფინალში ჩინელ პენფეი შაოს 12:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს 12:7 სძლია.
ხვალ 61-70-86-125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები საკვალიფიკაციო და ნახევარფინალური ეტაპზე იასპარეზებენ. საქართველოდან ბრძოლაში ჩაებმებიან გიორგი ღონიაშვილი, აკაკი ქემერტელიძე, ვლადიმერ გამყრელიძე და ალექსანდრე აბრამიშვილი. ამ უკანასკნელის წონაში ფავორიტები არიან რეიტინგის პირველ და საფეხურზე მყოფები, აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი და ირანელი ამირ ჰოსეინ აბას ზარე
მოამზადა რაულ კაპანაძემ




