ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

17 მაისს, საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ბოლო ტურში, გუნდები მინდორზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიის სიმბოლოსნიშნიანი მაისურებით გავიდნენ.

ლიონის „ოლიმპიკის“ სერბმა ფეხბურთელმა, ნემანია მიტიჩმა, რომელიც სხავადასხვა წლებში „ცვრენა ზვეზდას“, „პარტიზანის“, „ჩელსის", „ბენფიკას“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რომას“ და „რენის“ ღირსებას იცავდა, მაისურზე დატანილ ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიის სიმბოლოს ზემოდან მაისურის ფერი თეთრი ლენტი გადააწება.

ნემანია მიტიჩის ქცევამ კლუბის მხურვალე გულშემატკივრის, ლიონის მერ ბრუნო ბერნარის აღშფოთება გამოიწვია.

ჰომოფობია კვლავ არსებობს, განსაკუთრებით ფეხბურთში. მადლობა ფეხბურთის ლიგას და სირცხვილი იმ მოთამაშეებს, რომლებიც უარს ამბობენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, დაწერა მან X-ზე და გაკვირვება გამოხატა კლუბის მიერ მიტიჩის საქციელის ოფიციალურად დაუგმობლობის გამო.


„ლიონს“ მერისთვის არ უპასუხებია და მიტიჩთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, 4 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ლიგამ სამი ფეხბურთელი, მათ შორის მატიჩი, დასაჯა. „ლიონის“ ფეხბურთელს, „ლე ჰავრის“ ფეხბურთელ აჰმედ ჰასანთან ერთად, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და პირობითი სასჯელი აკმარეს, რადგან ორივე დათანხმდა ფეხბურთში ჰომოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად ექვსთვიან ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.


„ლანსის“ ფეხბურთელ ჯონათან გრადიტი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს 17 მაისს „მონაკოსთან“ მატჩის შესვენებაზე ჰომოფობიური ქცევის გამო.

მიტიჩის „ლიონთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაუფორმებლობის შემთხვევაში, მისი სასჯელი ქაღალდზე გაწერილი დარჩება.