ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს.

ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხეს.

„რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. გამარჯვება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს.

ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციაზე.

„ვენდობით ჩვენს ახალ მწვრთნელს, ჩენი მხარდაჭერა აქვს. ხვალ ვეცდებით, დავალებები, რაც გვექნება ყველაფერი ერთად შევასრულოთ და ჩვენი კარგი თამაში ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.