ბოლო დღეებში სარაგბო სამყაროში აქტიურად განიხილება საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხი.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა Rugbyrama წერს, რომ ქართული მხარე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგ სპეციალისტთან, პიერ-ანრი ბრონკანთან.
ოფიციალური დადასტურება ან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ინტერესი ორმხრივი და რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ამ ეტაპზე ჰყავს სამწვრთნელო შტაბი, ბრონკანის კანდიდატურა განიხილება, როგორც გამოცდილი კადრი, რომელმაც ფრანგულ ელიტაში თავი გამოიჩინა.
ბრონკანი 50 წლის ფრანგი სპეციალისტია, ყოფილი მორაგბე, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 2000-იანების შუა პერიოდში დაიწყო.
კარიერა
მან გაიარა ყველა საფეხური – სამოყვარულო ლიგებიდან ტოპ-დონემდე. მუშობდა „ბლანიაკში“, „ოშში“, „ორიაკში“ და „კოლომიეში“ (Pro D2 დონე). რაც შეეხება ელიტაში მუშობის გამოცდილება, 2015-2018 წლებში იყო ფრანგული გრანდის, „ტულუზას“ დაცვის მწვრთნელი.
ბრონკანის სახელი განსაკუთრებით უკავშირდება „კასტრს“, რომელიც 2022 წელს Top 14-ის ფინალში გაიყვანა.
ამჟამად „ბრივის“ მთავარი მწვრთნელია, სადაც ქართველ მორაგბეებთან ერთად მუშაობს. ცნობილია როგორც პრაგმატული მწვრთნელი. მისი ხელწერა გულისხმობს რკინისებურ დაცვას. „ტულუზში“ მუშაობის გამოცდილებამ მას დაცვითი სტრუქტურების გამართვა ასწავლა.
ფრანგი სპეციალისტი მოთამაშეებისგან ითხოვს მაღალი დონის ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკურ დისციპლინას. კარგად იცის, როგორ გამოიყენოს შერკინების ძალა, რაც ისტორიულად „ბორჯღალოსნების“ ძლიერი მხარეა.
ბრონკანი საკლუბო რაგბის ოსტატია, რომელმაც იცის, როგორ იმუშაოს ტოპ-ლიგებში წნეხის ქვეშ.
თუკი მხარეებს შორის შეთანხმება მართლაც შედგება, მთავარი გამოწვევა იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს სპეციალისტი საკლუბო მეთოდოლოგიის მორგებას ეროვნული ნაკრების სპეციფიკაზე.
თარგმანი: პირველი არხი








