დღეს, 11 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფიფა, 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელს და ოქროს ბურთის მფლობელს გამოავლენს. პირდაპირ ტრანსლირებას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.
"ოქროს ბურთი" გახლავთ უმაღლესი ჯილდო საფეხბურთო სამყაროში. "ოქროს ბურთით", ყოველ წელიწადს საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებენ.
საუკეთესო ფეხბურთელი ხმის მიცემის პრინციპით ირკვევა. "ოქროს ბურთით" დაჯილდოვების ცერემონია 1956 წლიდან იმართება და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჟურნალისტი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი აძლევს ხმას.
"ოქროს ბურთის" პირველი მფლობელი კი ინგლისელი სტენლი მეთიუზი გახლდათ.
თავდაპირველად სახელდბოდნენ მხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები, რომელებიც ევროპულ კლუბში თამაშობდნენ, ამის გამო ეს ჯილდო მოგებული არ აქვთ ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, დიეგო მარადონა. 1995 წლიდან ეს წესი შეიცვალა და შესაძლებელი გახდა დაესახელებულიყო ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი თუ ის ევროპულ კლუბში თამაშობდა.
მცირე ინფორმაციის შემდეგ წლევანდელი ნომინანტების სიას შემოგთავაზებთ...
პირველი ნომინანტი კატალონიის "ბარსელონას" 28 წლის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესია. ლეო მესიმ მარკო ვან ბასტენის, მიშელ პლატინისა და იოჰან კრუიფის რეკორდი მოხსნა და ზედიზედ 4-ჯერ (2009, 2010, 2011, 2012 წლები) გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მესი ოქროს ბურთის ფინალისტთა შორის ზედიზედ მეცხრედ მოხვდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს ფეხბურთის ექსპერტები წელს მეხუთე ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებენ. მან "ბარსასთან" ერთად მოიგო 5 ტიტული(ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც პეპ გუარდიოლას მიუნხენის "ბაიერნს" 2 გოლი გაუტანა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო უეფამ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად გასული წლის აგვისტოში დაასახელა.
მეორე ნომინანტი ასევე კატალონიის "ბარსელონას" 23 წლის ფორვარდი, ბრაზილიელი ნეიმარია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ოქროს ბურთის ფინალისტთა შორის პირველად მოხვდა. მან "ბარსელონასთან" ერთად 5 ტიტული მოიგო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ლეო მესის 2 თვიანი ტრავმისას, შემოდგომაზე, გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და საქმეს საკმაოდ კარგადაც გაართვა თავი.
მესამე ნომინანტი კი მადრიდის "რეალის" 30 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი, 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდოა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდო 2015 წელს გუნდური ტიტულების გარეშე დარჩა, პორტუგალიელმა ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა. საერთო ჯამში კრიშტიანო რონალდო წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ 3-ჯერ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ფიფა დღეს ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელს, წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, წლის საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელს, წლის საუკეთესო გოლსა და წლის საუკეთესო გუნდს გამოავლენს.