ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის წაგების შემდეგ (0:3), „დინამო არენზე“ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიცოდით, რომ თურქეთთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მოედანზე ძალიან მოტივირებული გამოვიდოდა. სამწუხაროდ, ჩვენც შეცდომები დავუშვით – პირველი ორი გოლი მასპინძლებს ვაჩუქეთ. ჩვენი მეტოქე ტექნიკური და სწრაფი გუნდი იყო, რომელმაც კარგი თამაში ჩაატარა და ამ შეცდომებით ისარგებლა.

მნიშვნელობა არ აქვს, ეს გოლები ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო თუ სისტემურის, პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 ვაგებდით. დღეს დაგვაკლდნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც ესპანეთთან მატჩი კარგად ჩაატარეს.

რატომ იყო ამდენი ცვლილება ნახევარდაცვაში? ზოგიერთ მოთამაშეს სწრაფად შეუძლია ძალების აღდგება, ზოგი კი ამას ვერ ახერხებს. მაგალითად, ჩოჩევმა თამაშამდე გვითხრა, რომ ასე მოკლე დროში ორ თამაშს ვერ ჩაატარებდა. ასეთი დეტალების გამო, შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა მოგვიხდა.

ხვიჩა კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია, ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. დღეს მისი დონის ფეხბურთელი ბულგარეთის ნაკრებს არ ჰყავს, მაგრამ, იმედია, მომავალში ვითარება შეიცვლება“.