ბრატისლავაში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში დღეს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილის 60-67-72-82-97კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები ჩაებნენ.

ხალიჩაზე გასული ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ნახევარფინალში გასულმა ერთადერთმა მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ აზერბაიჯანელ ყურბან ყურბანოვთან 0:4 წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულთან იჭიდავებს.

მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ნიჰატ ზაჰიდ მამადილისთან და ჰასრატ ჯაფაროვთან დამარცხებულები, ამირან შავაძე (60კგ) და ჯონი ხეცურიანი (67კგ) რეპეშაჟიდან იჭიდავებს ბრინჯაოსთვის.

მეოთხედფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ბელორუს ალექსანდრ ლიავოჩნიკთან და მერვედფინალში უნგრელ ალექს შოკესთან დამარცხებულები,  იური ლომაძე (72კგ) და გიორგი მელია (97კგ) ასპარეზობას გამოეთიშნენ.

აღსანიშნავია, რომ ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭიდავეების გზები გადაიკვეთა და ოთხივეჯერ - ერთხელ გუშინ და სამჯერ დღეს - აზერბაიჯანელებმა გაიმარჯვეს.

რამდენიმე წუთში ხალიჩებზე გავლენ და მედლებისთვის იჭიდავებენ 55-63-77-86-130 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები, რომელთა შორის რამაზ ზოიძე და ვახტანგ ლოლუაც იქნებიან. პირველი 77 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის სომეხ მალხაზ ამოიანს შეხვდება, მეორე კი 55 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს ასევე  სომეხ მანველ ხაჩატრიანთან.