დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება.
ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული.
ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
დევნილთა სააგენტოში გამართულ კომისიის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა პროგრამის განხორციელების პროცედურულ ნაწილზე იმსჯელეს.
განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი. განაცხადის მიღების შემდეგ, დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს. ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა საბიუჯეტო რესურსის შესაბამისად განისაზღვრება.
მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ფულადი კომპენსაცია პარალელურ რეჟიმში გაიცემა და არ შეაფერხებს არსებული, წარმატებული პროგრამების მიმდინარეობს.











