საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას თბილისში, ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე პორტუგალიასთან ჩაატარებს. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ხვალინდელი მატჩისთვის 12-კაციანი შემადგენლობა შეარჩია. სერბმა სპეციალისტმა საბერძნეთთან მოგების შემდეგ განაცხადში ცვლილებები არ შეიტანა.

პორტუგალიასთან შეხვედრაში საქართველოს ჰიმნზე დადგებიან:

ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე.