2015 წლის სკანდალის შემდეგ პირველად - დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში ბენზემა დააბრუნა

1621435896
2015 წლის სკანდალის შემდეგ პირველად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მადრიდის "რეალის" ლიდერს ქარიმ ბენზემას აბრუნებენ.
საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორისაა ქარიმ ბენზემაც.
საფრანგეთის ნაკრებში ბენზემა პირველად გამოიძახეს 2015 წლის სკანდალის შემდეგ. 2015 წელს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მატიე ვალბუენამ ქარიმ ბენზემა შანტაჟში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური ვიდეო ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც ვალბუენას აიძულებდნენ, დიდი რაოდენობის თანხა გადაეხადა. თუმცა საფრანგეთის სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო. ამის მიუხედავად საფრანგეთის ნაკრების კარი ბენზემასთვის აქამდე დახურული იყო და ვარაუდობდნენ, რომ ასე იქნებოდა იქამდე, სანამ საფრანგეთს დეშამი წვრთნის, თუმცა, როგორც ჩანს ფრანგმა სპეციალისტმა დამოკიდებულება შეცვალა.
ცნობისთვის, ვალბუენამ ბენზემასთან შერიგება 2018 წელს სცადა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბენზემას ხელს ჩამოართმევდა, თუმცა ეს "გაწვდილი ხელი" მაშინ ბენზემამ უარყო და "ინსტაგრამში" დაწერა: Keep your hand (რაც დაახლოებით ითარგმნება, როგორც ხელი არ გამომიწოდო).
ამ სკანდალის გამო ბენზემამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა, სადაც საფრანგეთი ტრიუმფატორი გახდა და ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა მსოფლიო ჩემპიონატის თასი.