შემოდის ახალი სასჯელის და ახალი სახდელის სახეები, რაც ითვალისწინებს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

„როგორც კი გამოვლინდება, რომ ესა თუ ის პირი არის ქვეყანაში არალეგალად, ანუ დაარღვია ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ხდება მათი დაკავება, მოთავსება შესაბამის ცენტრში. შემდგომ იწყება გაძევების პროცედურა. გარდა ამისა, ნაწილი პირები, როდესაც ხდება წარმოების დაწყება და მათთვის შეტყობინებების გაგზავნა, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს საჭირო ღონისძიებები, ისინი თავად ტოვებენ ქვეყანას.

საკანონმდებლო ცვლილებებიც ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ, ის რომ არ მოხდეს თავშესაფრის სისტემის ბოროტად სარგებლობა. გარდა ამისა, შემოდის ახალი სასჯელის და ახალი სახდელის სახეები, რაც ითვალისწინებს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ერთობლიობაში ვფიქრობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში ამოქმედება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უცხოელი არალეგალების ქვეყნიდან გაძევებას, მეორე მხრივ, მათ არ ექნებათ საშუალება, რომ ბოროტად ისარგებლონ იმ თავშესაფრის სისტემით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს”, - განაცხადა დარახველიძე.

ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ - გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს. მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს. მათ შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.