„ჩვენს უახლეს ისტორიაში შთამბეჭდავი დღეა, ამიერიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყანაა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, მიმდინარე წელი შთამბეჭდავი იყო თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების რაოდენობით.
„თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ 37 პროგრამა/ქვეპროგრამას შორის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამას გამოვყოფ, რომლითაც 1 850 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. ამასთან ერთად, ამიერიდან „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს ემსახურება.
უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის 1 კვ. მ-ის შესაძენი თანხა მიმდინარე წელს 900 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა დაფინანსება ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირებისათვის და ეს თანხა დღეისათვის 120 000 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტს დაემატა ახალი ქვეპროგრამა - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტები და კვლევები ყველა ბენეფიციარს სრულად უფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები მზარდია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით 2024 წელიც გამორჩეული იქნება“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.