„სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული გავხადოთ ჩვენს მოქალაქეებზე”, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის პროგრამებს ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატა. მათ შორის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვთა საზღვარგარეთ მკურნალობაა, რომლითაც უკვე, 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
„მინდა გამოვყო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულება, რომელიც წლების განმავლობაში სამწუხაროდ დიდი უკმაყოფილების მიზეზი იყო. მოგეხსენებათ ეს ჯერ როგორი განსაცდელია ოჯახებისთვის და მერე როგორი რთულია, ასეთი დიაგნოზით კლინიკის შერჩევასა და დაფინანსებაზე ფიქრი. ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაჭრის გზა. აუცილებლად უნდა გვქონდეს ქვეყანაში, ისეთი სამედიცინო სერვისი, ბავშვთა ონკოლოგიის და ყველა სხვა მიმართულებით, რომ არ გვიწევდეს ჩვენი პატარა პაციენტების და ასევე სხვა პაციენტების საზღვარგარეთ გაგზავნა. თუმცა, ამ პროგრამამ, ვფიქრობ რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ქვეყანაში კონკურენციის გაზრდის, განვითარების კუთხით, ისე ამ ოჯახების კმაყოფილების კუთხით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წლების წინ, ჯანდაცვის სფეროს დერეგულაციამ, სამედიცინო სერვისებზე ხარისხის კლება და პაციენტების ნდობის შემცირება გამოიწვა.
„ეს ყველაფერი უფრო ძველ დროში მიდის და უფრო სამწუხარო გადაწყვეტილებებთან. როდესაც საერთოდ მოხდა დერეგულაცია, როგორც სხვადასხვა სტანდარტების, ასევე განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების თუ რესერტიფიცირების კუთხით. სწორედ ამ შედეგებს ვიმკით დღეს და ვცდილობთ ამ პრობლემების სხვადასხვა ჩარევებით გამოსწორებას. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ჩვენ გადავიხადოთ ამაში სამართლიანი ტარიფი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტრომ უკვე დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტები, რაც ქვეყანაში კვალიფიციური, სამედიცინო პერსონალის მობილიზებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტებიდან, წარჩინებული აკადემიური მოსწრების სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნა და გადამზადება მოხდება. საბოლოოდ კი ისინი სახელმწიფო კლინიკებში დასაქმდებიან.