„თუ 10 წლის წინ, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული, მხოლოდ 18 000 დევნილი ოჯახი იყო, 2025 წლის ბოლოსთვის, საერთო ჯამში, 60 000 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ მასშტაბურ მშენებლობებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართებს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან, 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება, 7 000 ოჯახს კი ახლად აშენებული, ახალგარემონტებული ბინები გადაეცემა.

„მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, მომდევნო წელს, ქუთაისსა და თბილისში, რამდენიმე ასეული ბინის გადაცემის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთში დაბრუნებამდე, დევნილ ოჯახებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.